ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ხშირად ვსაუბრობთ. ურბანული გარემოს ძირითად დამაბინძურებლებად ავტოტრანსპორტი, სამრეწველო ობიექტები და სოფლის მეურნეობის სექტორი მიიჩნევა. იცოდით რომ შენობებს შიგნით არსებული ჰაერი 10-30-ჯერ უფრო დაბინძურებულია ვიდრე გარეთ?
მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია ყურადღება განსაკუთრებით შენობებს შიგნით არსებულ ჰაერზე მახვილდება და იმ უარყოფით გავლენაზე, რაც მას ადამიანის ჯანმრთელობაზე აქვს.
ასეთ გარემოსთან გრძელვადიანმა ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის, რესპირატორული და გულსისხლძარღვთა დაავადებები.
მხოლოდ ევროპაში, 2014 წლის განმავლობაში, 400 000 ადამიანი ნაადრევად დაიღუპა დაბინძურებული ჰაერის გამო. (გარემოს ევროპული სააგენტო, ჰაერის ხარისხი ევროპაში - 2017 წლის მოხსენება).
ყველა ვერ აცნობიერებს, რომ შენობებში წარმოიქმნება სხვადასხვა ნაწილაკები და ქიმიური პროდუქტები უწყვეტ რეჟიმში.
ეს ნაწილაკები სხვადასხვა წყაროებიდან ჩნდება, როგორიცაა საწმენდი საშუალებები, აეროზოლები, საკვების მომზადება, ხის ზედაპირები, სიგარეტის კვამლი, რემონტი, საღებავი, მტვრის მოძრაობა, დაბინძურებული გარე-ჰაერი.
ახალი, ენერგო-ეფექტური სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ობიექტების კარგ იზოლაციას, მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების გამოყენებით კი მცირდება საცხოვრებელში ბუნებრივი განიავების პროცესი.
ამ დროს შიდა სივრცეში წარმოქმნილი ტენი ხელს უწყობს ობის განვითარებას. ობი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ნაკლებად ნიავდება სახლები.
ერთ-ერთი უმარტივესი გზა ოთახში არსებული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჰაერის საწმენდი დანადგარის განთავსებაა, რომელიც უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში სუფთა, გაფილტრული ჰაერის მიწოდებას.