დღეს ინტერიერის დიზაინში ფაქტობრივად აღარ იყენებენ ერთ კონკრეტულ სტილს. დიზაინის შერჩევა ხდება დამკვეთის სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით, თუ რომელ სტილს ანიჭებს იგი უპირატესობას.

ხშირ შემთხვევაში მივდივართ ტრადიციული სტილების არევამდე ან ე.წ. ეკლექტურ სტილამდე, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სტილების გაერთიანებას ინტერიერში.

თუმცა, საინტერესოა სად გადის ზღვარი ადამიანის გემოვნებას, საჭიროებებს და ეკოლოგიას შორის.

დღეს ბუნებრივი და ეკოლოგიური ფაქტორი დიდ როლს თამაშობს მდგრად განვითარებაში. მნიშვნელოვანია იმ რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, რომელთაც კაცობრიობა დიდი შრომის შედეგად მოიპოვებს.

როგორაა შესაძლებელი დამკვეთის გემოვნების და ენერგოეფექტურობის შეთავსება?  

ჩვენთვის ცნობილი ინტეირიერის სტილებიდან განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, რომლებიც ორიენტირებულია ენერგიისა და რესურსების დაზოგვაზე.

ინდუსტრიული სტილი

სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით ინდუსტრიული დიზაინი საკმაოდ თავისუფალი და ბუნებრივია. სტილის მსგავსი გადაწყვეტა საკმაოდ მომგებიანია როგორც ეკონომიკურად, ასევე ეკოლოგიურადაც. 

ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი არქიტექტურული დეტალების გამოჩენაა, რომელსაც სხვა სტილები მალავენ. იქნება ეს რიგელი,კოლონა, ტიხრები თუ სხვა რამ.

ხშირად ტექნიკური ელემენტები, როგორიცაა სხვადასხვა გაყვანილობების მილებიც კი საექსპოზიციოდაა გამოტანილი.

ამ გზით ერთი მხრივ, შესაძლებელი ხდება საკმაოდ სახასიათო და ლამაზი ინტერიერის შექმნა, ხოლო მეორე მხრივ აღარ არის საჭირო დამატებითი მოსაპირკეთებელი მასალების შეძენა და მოხმარება, რომელთა დამზადებაც ბუნებრივია ჩვენი ეკოლოგიისთვის ზიანის მომტანია.

ინდუსტრიული დიზაინს ასევე ახასიათებს დიდი ფანჯრები და თავისუფალი, ღია სივრცეები. მაღალი და ფართო ფანჯრებიდან შემოსული ბუნებრივი განათებულობა მთლიანად ავსებს და აცოცხლებს შიდა სივრცეს.

ხშირად უფუნქციო და ღია სივრცები კი შემოსულ სინათლეს მთელს სახლში გადანაწილების საშუალებას აძლევს. შედეგად ვიღებთ მუდმივად ნათელ საცხოვრებელ სივრცეს ზედმეტი ენერგორესურსის დაკარგვის გარეშე.

ზოგადად ინტერიერებში ხშირად ვხვდებითა ხის, მეტალის, ქვის და ნაჭრისგან დამზადებულ ავეჯს. შესაბამისი მასალები მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას კი ბევრი ეკოლოგიური რესურსი ეწირება.

ინდუსტრიულ ინტერიერში ხშირია გადამუშავებული და მეორადი ავეჯი. გადამუშავება პირდაპირ კავშირშია ეკომეგობრულობასთან, ხოლო მეორადი გამოყენების ნივთები ამასთანავე თავის ხიბლსაც სძენენ ინტერიერის ხასიათს.

და ბოლო, ყველაზე მნიშვნელობანი ელემენტი, რომელიც ინტუსტრიულ ინტერიერს ახასიათებს არის სიმწვანე. მცენარეები იმის გარდა, რომ ჰაერს წმინდავს, სასიამოვნო გარემოსაც გვიქმნის. ამიტომ რეკომენდირებულია რაც შეიძლება მეტი მცენარის გამოყენება ინტერიერში.

 

სკანდინავიური სტილი

ინტერიერის მოწყობის სკანდინავიური სტილი მთლიანად ორიენტირებუია მდგრადობაზე. ის იდეალურად ერგება მწვანე არქიტექტურას მისი სიმარტივითა და პრაქტიკულობით.

ეკომეგობრულობა ამ სტილის მთავარი აქცენტია. ის გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ავეჯით და სხვადასხვა ბუნების ელემენტებით.

სწორედ ჩრდილოეთის მკაცრმა კლიმატმა განაპირობა ის მახასიათებლები რაც ამ სტილს გამოარჩევს.

ინდუსტრიული დიზაინის მსგავსად აქაც უპირატესობა ენიჭება სივრცეს და ბუნებრივ მასალებს. რაც ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის მხრივ მომგებიანია.

სკანდინავიური სტილის ინტერიერი ეტრფის გარემოს ფორმებს. აქ შიდა და გარე სივრცეები ჰარმონიულადაა დაკავშირებული.

ამას განაპირობებს მცენარეები და ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ხე და ქვა. ღია ფერის ხე, რომელიც ასე ხშირად გამოიყენება სკანდინავიურ ინტერიერში ყოველთვის ბუნებრივი ფორმით გვხვდება, ზედმეტი შელამაზებისა და დამუშავების გარეშე.

ელექტროენერგიის დასაზოგად აქ  ხშირია ღია, ნათელი ფერის კედლებიც, ასევე მაღალი და ფართო ფანჯრები, რათა მეტი ბუნებრივი განათება და სითბო შემოვიდეს შიდა სივრცეში.

მშვიდი ნეიტრალური შეფერილობის კედელი უკეთესად ირეკლავს მზის სხივებს და შედეგად ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარება ხდება საჭირო.


ბუნებრივია ნახსენები სტილები შეიძლება საერთოდაც არ ჯდებდეს თქვენს გემოვნებაში, თუმცა შეგიძლიათ მათ მაგალითზე სწორედ იმ პრინციპების გამოყენება რაც მათ ეკოლოგიურად სწორ არჩევნად აქცევს: 

+ გამოიყენეთ ღია, ნათელი ფერები ინტერიერში
+ უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ მასალებს
+ დიდი ფანჯრები და ბუნებრივი განათების სიუხვე
+ გამოიყენეთ გადამუშავებული დეტალები/ავეჯი ინტერიერში
არ დაგავიწყდეთ სიმწვანის ელემენტები.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21.10.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა