როდესაც ცვლილებების დრო დგება, არ აქვს მნიშვნელობა სახლს აშენებთ თუ არსებულ გარემოში გსურთ სიახლის შეტანა, პირველი სირთულე, რომელსაც შესაძლოა შეხვდეთ, თქვენთვის სასურველი სტილის განსაზღვრაა ინტერიერში.

მას შემდეგ რაც გაეცნობით ინტერიერის მოწყობის რამდენიმე ძირითად სტილს, რომელსაც დღესდღეობით ყველაზე ხშირად მიმართავენ დიზაინერები და შეარჩევთ თქვენთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს, გაგიმარტივდებათ გადაწყვეტილების მიღების თუ დიზაინერთან და არქიტექტორთან მოთხოვნის ჩამოყალიბების პროცესი.

რა თქმა უნდა არსებობს გაცილებით მეტი მიმდინარეობა და სტილი, თუმცა ახლა ჩვენ 10 ამჟამად ყველაზე ხშირად გამოყენებად ინტერიერის მოწყობის სტილებს შევეხებით და ვიმედოვნებთ თქვენც იპოვით თქვენთის საინტერესო არჩევანს.

1.შუა-საუკუნის მოდერნი

1900-იანი წლების შუა რიცხვებში თანამედროვე დიზაინის მრავალი ნამუშევარი შეიქმნა. ამ პერიოდში აღმოცენებული სტილი თითქოს აერთიანებს რეტრო ნოსტალგიასა და მინიმალიზმის ელემენტებს და ხასიათდება დახვეწილი ხაზებით, მინიმალისტური სილუეტებით, ბუნებრივი ფორმებით და მარტივი ტექსტურით. შუა-საუკუნის მოდერნი იყენებს კრეატიულ გზებს ისეთი ახალი მასალების გამოსაყენებლად, როგორებიცაა პლასტმასი, ფანერა, ალუმინი... ასეთი მოდელები ძალიან მრავალფეროვანია და შესაძლოა მოერგოს სხვადასხვა ინტერიერის დიზაინის სტილებს.

2. ინდუსტრიული სტილი

ინდუსტრიული სტილის წარმოშობას არ ჰქონია დიზაინერული დატვირთვა, რადგან მისი შექმნა უკავშირდება ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდს, როდესაც 30-იან წლებში ამერიკის მოსახლეობა დასახლდა ქარხნებსა და საწყობებში. შედეგად კი, მივიღეთ ის, რაც დღეს ასე მოგვწონს, შეულამაზებელი კედლები, დაუფარავი გაყვანილობა, მაღალი ჭერი, დიდი, უფარდო ვიტრაჟები.

ინდუსტრიულ სტილს ახასიათებს აგურის შეულამაზებელი კედლები სიძველის ეფექტით, მეტალის გაყვანილობა კედლებზე, ასევე ძველი ხის ან ფილების იატაკი, ხის პანელებით გაწყობილი ჭერი, მეტალის ძველებური სანათები, ვინტაჟური ტყავის ავეჯი და აბსტრაქტული ნახატები. აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიული სტილს სხვადასხვა ვარიაციით იყენებენ ინტერიერებში-უხეში ფორმებით და მუქი ტონალობებით დაწყებული, უფრო პასტელური ფერებით და თანამედროვე ფორმების გამოყენებით დასრულებუული. შეგიძლიათ მიმართოთ უფრო ღია პასტელურ ფერებს და დახვეწილ ფორმებს ან მუქ პალიტრას და ანტიკურ დიზაინს.



3. სკანდინავიური სტილი

სკანდინავიური ინტერიერი - დიზაინის მიმართულება, რომელსაც ახასიათებს სიმარტივე, მინიმალიზმი, ფუნქციონალურობა, 1950–ებში ჩრდილოეთის ქვეყნებში წარმოიშვა. სიმსუბუქე, თეთრი, ნათელი ოთახები, ნატურალური ხის იატაკი, ხის ავეჯი და დეკორაციები, გეომეტრიული ფორმები, შავ–თეთრი ელემენტები, ფერადი ჩანართები-ამ მიმართულების განუყოფელი ნაწილებია. ხშირად სკანდინავიურ ინტერიერში გამოყენებულია ბაუჰაუზის სტანდარტები.

4. საზღვაო სტილი

მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სტილი სანაპიროზე მდებარე პატარა სახლებისთვის არის იდეალური, მას სხვა შემთხვევაშიც მრავალი მიმდევარი ჰყავს. საზღვაო სტილის მთავარი საიდუმლო - უხვი სინათლე და გახსნილი სივრცეა. მყიფე და სუფთა ქსოვილები საზღვაო სტილისთვის დამახასიათებელია. რაც შეეხება ფერებს, ალბათ შეამჩნევდით, რომ თეთრი ასეთი სახის ინტერიერში, ყველაზე დიდ დატვირთვას ატარებს, თუმცა კრემისფერი ან ჩალისფერიც ფართოდ გამოიყენება. ყვითელი ფერის დამატება კი მზიან სანაპიროს მოგაგონებთ. ცისფერი, ცივი აკვარელის საღებავები და ფირუზისფერი, საზღვაო სტილის ინტერიერში, ყველაზე დამახასიათებელი აქცენტებია. ხალიჩების, ავეჯისა თუ აქსესუარების შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ ისინი ორგანული მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, მაგალითად: ზღვის ბალახი, ჩალა ან ჯუთი.



5. სოფლის სახლის სტილი (Farmhouse)

ამ სტილის შთაგონება მცირე ქოხია, თუმცა უკვე თანამედროვე და დახვეწილი ელემენტებით. სოფლის სახლის ესთეტიკა ფრანგულ პროვანსს მოგვაგონებს. ფერთა გამით კი საზღვაო სტილის ანალოგიურია, რადგან ძირითადად თეთრ და კრემისფერ ტონალობებზე კეთდება აქცენტი. ხშირად, ჭერზე შეხვდებით ხის რიგელებს, რაც მეტად მყუდრო ელფერს სძენს ინტერიერს. ავეჯიც ღია ტონალობებშია გადაწყვეტილი, დაუმუშავებელი ხის მასალით და უხეში ტექსტურით.

6. ბოჰემური სტილი

როგორც თვითონ სახელწოდება გვამცნობს, ეს სტილი განკუთვნილია მათთვის, ვინც არ ემორჩილება გარკვეულ წესებს, არ უშინდება თამამ, უცაბედ გადაწყვეტილებებს, არ ექცევა ჩარჩოებში და არ ექვემდებარება შეზღუდვებს. სწორედ ასეთ თამამ პიროვნულ თვისებებს თუ ცხოვრების წესს ასახავს ბოჰემური ინტერიერი... მთავარი ამოცანაა გონივრულად შექმნათ „ქაოტური“ იერსახე, რომელიც მართლაც ქაოსში არ გარდაიქმნება. არ შეუშინდეთ თქვენი წარმოსახვის რეალობაში გადმოტანას. ეს თქვენი სახლია, თქვენი წესები – მთავარია შექმნათ გარემო, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ. გაითვალისწინეთ, ბოჰემური სტილი არ გულისხმობს აუცილებლად კლასიკური ელემენტების შეტანას ინტერიერში. თანამედროვე დიზაინშიც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბოჰემური გარემო.


7. ურბანული მოდერნი (Urban Modern)

ურბანული ინტერიერის დიზაინი სათავეს თანამედროვე ლოფტისგან იღებს, მისი კოსმოპოლიტური გარემოდან გამომდინარე, აერთიანებს  ურბანულ, თითქოს ურთიერთგამომრიცხავ  სხვადასხვა მიდგომებს: მინიმალისტური, თანამედროვე, გლამურული, ეთნიკური და ექსპერიმენტული დიზაინი გაერთიანებულია 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი აქცენტებით. ამ სტილს ახასიათებს დიდი ზომის, გაბარიტული ავეჯი და ორიგინალური აქსესუარები.


8. "შები შიკი" (Shabby Chic)

"შები შიკი" ინტერიერის დიზაინის ახალი სტილია, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი მობინადრის გული მოიგო. ამ სტილის ჩამოყალიბება ინგლისელ დიზაინერს რეიჩელ ეშველს უკავშირდება. მან გასული საუკუნის 80-იან წლებში, საკუთარი ინტერიერის შექმნისას, სახლი მეორადი ავეჯით, ტექსტილით და ანტიკვარული ნივთებით გაავსო. სტილს სახელიც მიანიჭა და ძალიან მალე მიმდევრებიც გაიჩინა. შები შიკის სტილის იდეალია ძველი, მყუდრო სახლი, რომელსაც დიასახლის ხელი მონდომებით რთავს, იყენებს ნაქარგებსა და ბალიშებს, ბაფთებსა და გახუნებუილ ნივთებს. 


9. ფრანგული პროვანსი

ფრანგული პროვინციის სტილი,  როგორც მას კიდევ უწოდებენ ფრანგული "ქანთრი",  ხშირად გამოიყენება როგორც აგარაკების მოწყობისას, ასევე ბინებსა და აპარტამენტებში. ამ სტილს ახასიათებს თბილი, ბუნებრივი ტონალობები, ოვალური და სადა ორნამენტებით გაწყობილი ავეჯი და ხშირ შემთხვევაში ღიაფერის ქვის და აგურის მოსაპირკეთებელი მასალები.  

10. ჰოლივუდური სტილი

ჰოლივუდური სტილი - ეს არის გლამურული და მდიდრული დიზაინი: ბრჭყვიალა, მდიდრული და გადატვირთული. ამ სტილს 1930-იან წლებში დაედო საფუძველი და მიზნად ისახავდა კინოვარსკვლავების სტატუსის ხაზგასმას, მათი ორიგინალურობის, არასტანდარტული ცხოვრების სტილის ინტერიერის დიზაინში არეკვლას. ინტერიერის ჰოლივუდური მოწყობის სტილმა პოპულარობა მალევე მოიპოვა შესაბამის წრეებში. კლასიკური ჰოლივუდის გლამური ძალიან მიმზიდველია და ხასიათდება ამრეკელი ზედაპირებით, ფართო სათავსოებით, ბრჭყვიალა ქვებით მორთული დეკორაციითა და ნათელი ფერებით.

გაითვალისწინეთ, საუკეთესო შედეგის მისაღებად  ნუ შეაჩერებთ მხოლოდ ერთი კონკრეტული სტილის მახასიათებლებზე და შემოქმედებითად მიუდექით დიზაინის პროცესს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 07.05.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა