სახლი ის ადგილია, რომელშიც მარტივად უნდა შეგეძლოთ განტვირთვა, კომფორტულად მოსვენება, გსიამოვნებდეთ მეგობრების მოპატიჟება და ოჯახის წევრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. ასეთი სახლი დინამიურია, პასუხობს მფლობელის ცხოვრების სტილს, მის ინტერესებსა და მოთხოვნებს.
სეზონური ცვლილებების განხორციელებით ინტერიერში შემოგაქვთ ახალი მუხტი და განწყობა, რაც საკმაოდ სასიამოვნო პროცესს წარმოადგენს.
გვსურს გაგიზიაროთ თუ როგორ გაახალისოთ და გაამრავალფეროვნოთ ინტერიერი სეზონურად მინიმალური დანახარჯებით.
პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ 3 პრინციპზე:
1. ფოკუსირდით, არ ეცადოთ შეცვალოთ ყველაფერი და გადაასხვაფეროთ ოთახის თითოეული კუთხე-კუნჭული. განსაზღვრეთ საკვანძო კუთხეები, რომლებიც ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებას ინტერიერში და რომელთა რედიზაინიც მთლიანობაში შეცვლის გარემოს იერსახეს.
ეს შესაძლოა იყოს მისაღებში კონსოლის კუთხე, სივრცე სადაც განთავსებულია დივანი, საძინებელში კი საწოლი ან მცირე მოსასვენებელი სივრცე. შეარჩიეთ ასეთი 2-3 კუთხე და შეიტანეთ ცვლილებები.
2. დატოვეთ ის ნივთები, რომლებსაც გამოიყენებთ როგორც საფუძველს ცვლილებებისთვის, მაგ: დივანი, რომელზეც განათავსებთ ახალ დეკორატიულ ბალიშებს და პლედებს, ჩარჩოები, ლანგრები, შანდლები, ლარნაკები და სხვ.
3. წინასწარ განსაზღვრეთ სეზონური ფერები, ასოციაციები და სიმბოლოები, რომელთა შემოტანაც გსურთ ინტერიერში, რათა თავიდან აიცილოთ ქაოსი და მიიღოთ სხვადასხვა აქსესუარის კომბინაციით დაბალანსებული გარემო.
გიზიარებთ უმარტივეს გზებს ცვლილებების განსახორციელებლად:
დეკორატიული ბალიშები და პლედები
სხვადასხვა ფერის და ტექსტურის დეკორატიული ბალიშების მეშვეობით, შეგიძლიათ საგრძნობი ცვლილებები შეიტანოთ ინტერიერში ყველაზე ნაკლები დანახარჯით.
ავეჯი გამოიყენეთ როგორც ფონი. მას შემდეგ კი რაც შეარჩევთ სასურველ სეზონურ ფერთა პალიტრას, არ შეუშინდეთ მრავალფეროვნებას-ითამაშეთ ფერებით და ტექსტურებით. გააფორმეთ დივანი, სავარძელი, საწოლი, გარე გამოყენების ავეჯი და დაუყოვნებლივ დაინახავთ შედეგს!
აქსესუარები
იფიქრეთ სხვადასხვა ტიპის აქსესუარებზე, რომელთაც შეუძლიათ თქვენი სახლის ინტერიერი ახლებურად წარმოაჩინონ. არ დაგავიწყდეთ რომ ზოგიერთი აქსესუარი შეგიძლიათ ფონად გამოიყენოთ, ხოლო „ცვლილების“ ფუნქცია მასზე განთავსებულ ნივთებს შესძინოთ.
მაგ: ნუ გამოცვლით საყვარელ ლარნაკს, მხოლოდ შემატეთ სეზონური, სასურველი ფერის ყვავილები, ან განათავსეთ განსხვავებული ფერის სანთლები არსებულ შანდალში. გაითვალისწინეთ სეზონური სიმბოლიკა, მაგ: გოგრები და ბროწეულები შემოდგომაზე, ნიჟარები და კენჭები გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში და სხვა...
მცენარეები
ფაქტია, მცენარეებს განსაკუთრებული ხიბლი შეაქვთ ნებისმიერ გარემოში. არ დაგავიწყდეთ სეზონური და მარადმწვანე მცენარეებით ინტერიერის თუ ეზოების გამდიდრება.
კედლის დეკორაციები
არ აქვს მნიშვნელობა რა სახის დეკორაციაა, ნახატი, ჩარჩოიანი სურათი, მეტალის აპლიკაცია თუ სხვა-თუ მას ინტერიერში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მისი ჩანაცვლებით გარემოს განსხვავებული ისერსახე მიეცემა.
პუფი
ფერადი პუფების გამოყენებით მარტივად შეიტანთ სიახლეს ნებისმიერ სივრცეში.
ტექსტილი
ტექსტილის შეცვლა ერთ-ერთი უმარტივესი გზაა თვალშისაცემი ცვლილებების განსახორციელებლად. შეცვალეთ გადასაფარებლები, მცირე ხალიჩები, ხელსაწმენდები, მაგიდის გადასაფარებლები და სხვა.
პასტელისფერი და თხელი ფაქტურის ტექსტილი იდეალურია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, უფრო მუქი ტონალობები, შედარებით უხეში და მძიმე ფაქტურა კი შემოდგომა-ზამთვრისთვის.
ხალიჩები და ფარდები
კარგი ხალიჩა ან ფარდა ძვირადღირებულია, მაგრამ თუ თქვენთვის მაღალი ხარისხი და სისტემატიური ცვლილებები უპირობოდ მნიშვნელოვანია, დაგვერწმუნეთ ხალიჩისა და ფარდების გამოცვლით სრულიად სხვა ელფერს შეიტანთ ინტერიერში.