ბაუჰაუზი-ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა, რომელიც 1919 წელს ვალტერ გროპიუსის მიერ დაარსდა გერმანიაში, ქალაქ ვაიმარში და 1933 წლამდე ფუნქციონირებდა.

მიუხედავად არსებობის არც ისე დიდი პერიოდისა, ბაუჰაუზმა შეძლო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა თანამედროვე  დიზაინის ისტორიაში, იყო რა მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი მოდერნისტული სკოლა არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას მსოფლიოში.

მის ვან დერ როე, ლე კორბუზიე, ეილინ გრეი, ეერო საარინენი, ჩარლზ ემსი, ალვაარ აალტო, ფრენკ ლოიდ რაიტი,ვასილი კანდინსკი, პოლ კლეე, ლასლო მოჰოლი-ნაგი, იოზეფ ალბერსი, მარსელ ბროიერი, ჰანეს მეიერი და სხვა გამორჩეული ხელოვანები, დიზაინერები და არქიტექრორები სწორედ ბაუჰაუზის ჭერქვეშ გაერთიანდნენ ახალი პრინციპების და სტილის ჩამოსაყალიბებლად.

ბაუჰაუზი გამოირჩეოდა სწავლებისადმი ახალი მიდგომით, რომლის ძირითადი პრინციპები შემდეგნაირია:

ფუნქცია როგორც ამოსავალი წერტილი

ბაუჰაუზის სკოლა ცნობილი გახდა იმით, რომ სახლის თუ ავეჯის ესთეტიურ მხარეს უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე მის ფუნქციონალურ ასპექტს.

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ფრაზა „ფორმა ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს“. ბაუჰაუზმა უარყო ორნამენტები და მდიდრული დეკორატიული დეტალები, რომლებიც მანამდე ასე პოპულარული იყო. დიზაინის თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქცია და პრაქტიკული გამოყენება მიენიჭა.

მინიმალიზმი

ბაუჰაუზის არქიტექტურასა და დიზაინში მკაცრი გეომეტრია და ძლიერი, სწორხაზოვანი ფორმები დომინირებს. ისეთი მრუდებისა და ფორმების გამოყენებას, რომლებიც სივრცის ხარჯვას და არასწორ სივრცულ დაგეგმარებას იწვევდნენ, სკოლაში არ წყალოდბნენ.

მარტივი გეომეტრიული ფორმების გამოყენებას უნდა უზრუნველეყო შენობის ექსტერიერის და ინტერიერის ისეთი დაგეგმარება, რომელიც სივრცეს მაქსიმალურად დაზოგავდა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთოსაცხოვრებლების შემთხვევაში იყო, სადაც თითოეულ მაცხოვრებელზე მკაცრად განსაზღვრული სივრცეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, შესაძლებლობის მიხედვით, წახალისებული იყო შენობის მოკრძალებულად აშენება იმ გარემოსთან შედარებით, რომელშიც ის მდებარეობდა.

ამის კარგი მაგალითია მის ვან დერ როეს Farnsworth House.

"ჭეშმარიტი" მასალები

„მასალების ჭეშმარიტების“ პრინციპი ერთ-ერთი მთავარია, რომელსაც სტუდენტებს უნერგავდნენ. ეს პრინციპი გულუისხმობს, რომ მასალების გამოყენება მათი ყველაზე შესაბამისი და „გულწრფელი“ ფორმით უნდა მომხდარიყო, მათი ბუნების შეცვლის გარეშე.

ორგანულ თუ ქარხნულად დამზადებულ მასალას თავისი სილამაზე გააჩნია, რომელსაც მისი არასრულყოფილება ქმნის.

მაგალითად, ისეთი დამატებითი მასალა, როგორიც ფოლადია, თვალსაჩინო უნდა იყოს და არა ნამუშევარში დამალული.

ხის და მარმარილოს ზედაპირი ბუნებრივად არასრულყოფილია და მათ, როგორც წესი ამუშავებენ ხოლმე – რატომ უნდა დამალულიყო ასეთი საოცარი მახასიათებელი? ამ პრინციპმა წარმოების პროცესისათვის საჭირო დრო და ენერგია საგრძნობლად შეამცირა.


Gesamtkunstwerk - ყოვლისმომცველი ხელოვნება

გროპიუსის ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ხედვა, რომ ბაუჰაუზი უნდა ყოფილიყო დამაკავშირებელი ხიდი ხელოვნებასა და ინდუსტრიას შორის, ასევე ყოფილიყო ხელოვნების სხვადასხვა დარგების შემაკავშირებელი: თუკი უწინ ხელოვნების ნებისმიერი დარგი უფრო მაღალ რანგში განიხილებოდა, გროპიუსმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო ყველა ხელობისა და ხელოვნების დარგის გაერთიანება და მასობრივად წარმოება. სწორედ ამ ხედვამ განსაზღვრა ბაუჰაუზის სტილის ის უნიკალური ელემენტები, რომლებიც არქიტექტურასა და დიზაინში დღესაც აქტიურად გამოიყენება.


აქცენტი ტექნოლოგიებზე

ბაუჰაუზის ვორქშოფები გამოიყენებოდა მასობრივი წარმოებისთვის პროდუქციის პროტოტიპების შესაქმნელად. ხელოვანები იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების ახალ შესაძლებლობებს, ნერგავდნენ ახალ მასალებს, მშენებლობისა და მიდგომების ახალ სტანდარტებს.

მხატვრები, არქიტექტორები და დიზაინერები მიზნად ისახავდნენ მუდმივად შეექმნათ რაღაც ახალი. შესაბამისად, ბაუჰაუზმა საფუძველი დაუდო ხელოვნების ახალ დარგებს მაგ: გრაფიკულ დიზაინს, რომელაც 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და ახალ მიმართულებებს ინტერიერის დიზაინში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ბაუჰუზის სიმარტივისა, მასობრივი წარმოებისა და ფუნქციონალურ მხარეზე ფოკუსირებისა, ამ სტილის ნიმუშებს ემოციური სიღრმე არ აკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ  სკოლამ ძველი აკადემიური ტრადიციები უარყო, ინტელექტუალურ და თეორიულ მოღვაწეობას ის მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18.05.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა