მკაცრი გეომეტრიული ხაზები, არქიტექტურული ფორმების ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრირება და საინტერესო ფუნქციების შემოტანა ახალ სიცოცხლეს მატებს ყაზბეგის რეგიონს.
საპროექტო ტერიტორია, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, მოიცავს 3 603 მ2 ფართობს.
ადგილზე არსებული ბუნებრივი წყარო რეგიონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და სამკურნალო კატეგორიას მიეკუთვნება.
დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სივრცის არქიტექტურა მიესადაგება ყაზბეგის ბუნებას, მთებს, კლდეებს, ალპურ ზონას.
აუზი
აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორია გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის და ზრდასრულთათვის.
ტერიტორიაზე წარმოდგენილია რეკრეაციული სივრცეები, სადაც მოწყობილია ფოტოელემენტებით აღჭურვილი განათება, რომელთა სხვადასხვა ნაირსახეობის სინთეზი საინტერესო კომპოზიციას ქმნის წელიწადის სხვადასხვა დროს.
მთავარი აუზი - დიდებისთვის, ფანჩატურით და მზის აბაზანებისთვის განკუთვნილი სივრცით, ზამთრის პერიოდში ტრანსფორმირდება მოსასვენებელ ადგილად, სადაც მონტაჟდება ინფრაწითელი ტიპის გამათბობლები.
ტერიტორია ასევე მოიცავს საბავშვო სივრცეს აუზით, სპორტულ მოედანს, ადმინისტრაციულ შენობას (სამედიცინო პუნქტით და პერსონალისთვის განკუთვნილი სათავსოებით) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტს, რომელიც აღჭურვილია გასახდელებით, საშხაპეებით, საუნითებით, სპა და სპორტული დარბაზით.
აქვე, განთავსებულია კაფეტერია და სწრაფი კვების პუნქტი, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები.
წვდომა
ტერიტორიაზე გადაადგილება და შენობაში წვდომა ადაფტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.
კეთილმოწყობილი სივრცით სარგებლობა და სამკურნალო წყლის დაგემოვნება 12 თვის განმავლობაში არის შეაძლებელი ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის.
გარშემო არსებული ტერიტორიები, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ბიზნესის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს.