ყაზბეგი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

პარკის კონცეფცია არსებულ ლანდშაფტზე მინიმალური ჩარევით და ახალი ფორმების სისტემური განთავსებით არის წარმოდგენილი, რაც მას განსაკუთრებულ ხასიათს და მნიშვნელობას სძენს.

ყაზბეგის რეგიონში მდებარე ელიას პარკის პროექტი წარმოადგენს 15 590 მ2  საზოგადო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის ხასიათი, დატვირთვა და მნიშვნელობა მეტწილად განსაზღვრულია მისი ადგილმდებარეობით და მცენარეული საფარით.

იგი მდებარეობს სასტუმროს "რუმსი" სიახლოვეს, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს პარკის ფუნქციონირებაში.

ბელვედერი

საპროექტო პარკის ცენტრს, როგორც იდეოლოგიურს, ასევე ფუნქციურს წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციით შექმნილი, დაახლოებით 33 მეტრის სიმაღლის მქონე ბელვედერი, რომელიც განთავსებულია საპროექტო ტერიტორიის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე.

ნაგებობის ცენტრში წარმოდგენილია სამგზავრო და სატვირთო ლიფტები.

კონსტრუქციას, რომლის ფასადიც მოპირკეთებულია ლითონის პანელებით, გარს არტყავს მცირე დახრით მოწყობილი პანდუსი, რომელიც პარკის მნახველებს საშუალებას აძლევს ავიდნენ ბელვედერის ბოლო სართულზე და დატკბნენ ყაზბეგის თვალწარმტაცი, პანორამული ხედებით.

ნაგებობის ყველაზე მაღალ წერტილში ასევე განთავსებულია ეთნიკური რესტორანი, რომელიც გათვლილია 95 სტუმარზე.

ბელვედერი, მასზე განთავსებული რესტორნით, ტერასით  და ყაზბეგის დაუვიწყარი პანორამული ხედებით რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გვევლინება, იზიდავს მრავალ ტურისტს და დამსვენებელს - "მას ყაზბეგის ფუნიკულიორის როლის შესრულება შეუძლია“.

ელიას პარკის პროექტით გათვალისწინებული ფუნქციების გამოყენება ყველა სეზონისთვის არის შესაძლებელი. ნაგებობების ტიპები, სამშენებლო მასალები და დეტალები სპეციალურად არის შერჩეული ყაზბეგის რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

გამოყენებული მასალებიდან აღსანიშნავია უჟანგავი ლითონი სპეციალური დამუშავებით, ხის მასალა, ბუნებრივი ქვა, ბეტონი და სხვა.

ფუნქციური ზონირება

პროექტი ხასითდება ფუნქციური ზონების ნაირსახეობით: ბავშვთა გასართობი სივრცე, რესტორანი ღია ტერასით, მოსასვენებლი სივრცეები კოცონის გარშემო და ბილიკები, რომლებიც მიუყვება რელიეფს და არ არღვევს ტყის ჰარმონიულობას.

ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ორიენტაცია, საჩრდილობლების დაგეგმარება, დათბუნების მოწყობა და ასევე სხვა ენერგოდამზოგავი ელემენტების შემოტანა უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ენერგოდამოუკიდებლობას.

წყლის რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, მოწყობილია ბუნებრივი ნალექების საგუბარი და ინტეგრირებული სარწყავი სისტემა.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 08.07.2020
ტერიტორიის ფართობი
15.590მ²
დამკვეთი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კონსულტატები
შპს "არკო", Cubicon
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

საქართველო, დაბა სტეფანწმინდა, ელია

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა