საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კონკურსი  საქართველოს ერმოვნული ბანკის სათავო ოფისის პროექტის მომზადებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ კონკურსში ამერიკულმა კომპანიამ „GLMV Architecture Inc.“-მ გაიმარჯვა, რომელიც თანამშრომლობდა შპს ,,სპექტრუმი“-თან საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისის პროექტის მომზადებაში. აღნიშნული წინადადების განხორციელებაში  სპექტრუმი შეასრულებს ტექნიკური არქიტექტორის როლს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისის პროექტის ძირითადი კონცეფცია მისი ფორმის, ესთეტიკის, იდეოლოგიის და ფუნქციის სინთეზია. შენობის იდეოლოგია უკავშირდება წრეწირის გეომეტრიულ ფორმას, რაც მარადიულობის და უწყვეტი არსებობის წყაროდ არის მიჩნეული.

შენობის თითოეული სართულის განლაგება და დაგეგმარება ერთიანობის ცნებით არის განმსჭვალული. ატრიუმის შიგნით, სართულები ეფექტურად უკავშირდება ერთმანეთს პანდუსებით, რაც უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ მიმოსვლას. ინდივიდუალურად შემუშავებული არქიტექტურული განლაგება მიესადაგება ბანკის ნორმატივებს, ავეჯის ჩათვლით, რომლის დიზაინიც სპეციალურად იქმნება. შენობის ერთ ერთი ძირითადი ელემენტი არის პანორამული ლიფტების სისტემა, რომელიც განთავსებულია ატრიუმში და გამოირჩევა მინიმალური ლოდინის პერიოდით და უზრუნველყოფს შთამბეჭდავ მგზავრობას ატრიუმის სივრცეში, რომელიც სავსეა ბუნებრივი დღის განათებით და თბილისის პანორამული ხედებით.

წარმოდგენილი პროექტის ფუნქციონალური და არქიტექტურული ხასიათის ჩამოყალიბებისას, ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ენერგოეფექტურობის კონცეფციის განმსაზღვრელი პირობები. კონცეფცია წარმოდგენილია სოლარული პანელების სისტემით, რაც განაპირობებს ელექტროენერგიის დიდი ნაწილის მოპოვებას და თბური პომპების მუშაობას. კინეტიკური შენობის ფასადის გარსის დაახლოებით 75%-ზე გათვალისწინებულია განათების სენსორებთან დაკავშირებული უჟანგავი ლითონის ბადის ჟალუზები, რომლებიც ავტომატურად იღება და იკეტება  მზის სხივის ინტენსივობის გათვალისწინებით. ფასადის მთლიანი მინის სისტემა ემყარება მზის მდებარეობას და არეკვლის U და G პარამეტრებს, რაც აძლიერებს გათბობა-გაგრილების ეფექტს.

ეროვნული ბანკის სათავო ოფისის ენერგოეფექტური და დამახასიათებელი ფასადი წარმოდგენილია სამი ორ-სინათლიანი ატრიუმის სივრცით, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალურ გარე კავშირს ისტორიული უბნის ურბანულ სტრუქტურასთან.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 20.12.2019