მულტიფუნქციური კომპლექსი ქალაქის ცენტრში შეტანილია არქიტექტურის სამსახურში განხილვაზე

თბილისის ცენტრში, ცირკის უკან მდებარე ტერიტორიაზე იგეგმება უზარმაზარი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ, საოფისე შენობებსა და სარეკრეაციო ზონას. კომპლექსის პროექტი ამჟამად გატანილია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის განხილვაზე.

განცხადებული შენობების კონცეფცია მიზნად ისახავს გარემოს მაქსიმალურ შენარჩუნებას, მწვანე სარეკრეაციო ზონების აღორძინებას და განვითარებას. პროექტის არქიტექტურული კონცეფციის იდეა დაფუძნებულია ადგილობრივი ლანდშაფტის ხასიათზე, რაც ითვალისწინებს არსებულ გარემოში, მის მაქსიმალურად ჰარმონიულ ჩაწერას. პროექტით განსაზღვრული შენობების კონფიგურაცია, პროპორცია და გეომეტრია ითვალისწინებს არსებულ კონტექსტს და რელიეფს. 

კონცეფციის საფუძველზე ტერიტორიის დიდი ნაწილი გამწვანებულია. გათვალისწინებულია კომპლექსის 20 000 კვ.მ.-მდე სახურავის ტერასის გამწვანებაც. სადაც განთავსდება ხე-ნარგავები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, როგორც საჯარო, ასევე კერძო მოხმარებისთვის.  ამავე ტერიტორიაზე იგეგმება საჯარო მოხმარების ღია აუზის ინტეგრირება, რომელიც თავისი დიზაინით და ხედით უნიკალური იქნება. 

მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება 4 დონიან პოდიუმზე განთავსებული 4 მოცულობისგან: სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საოფისე სივრცე და  2 საცხოვრებელი მოცულობა.

სავაჭრო, სპორტულ-სამომსახურეო ბლოკი -  შეადგენს დაახლოებით 40-45 000 კვ.მ.-ს. რომელიც არის ერთგვარი გამაერთიანებელი პოდიუმი მთლიანი კომპლექსისთვის. შენობა მოიცავს 5 სართულზე განთავსებულ ნახევრად ღია კონსტრუქციას, ცენტრში განთავსებული ატრიუმით, რომელიც გახსნილია ატმოსფეროზე და რომლის ცენტრში განთავსებული საციგურაო მოედანი, კომპლექსს დამატებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას სძენს. აღნიშნული პოდიუმი ავსებს ამჟამად რელიეფიდან ამოჭრილ დიდ ქვაბულს და ერთგვარად იმეორებს და აგრძელებს ადრე არსებული, ჩამოყალიბებული რელიეფის კონტურს.

 დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ყველაზე მიმზიდველ ადგილას განთავსებული არაგვის მრავალფუნქციური ცენტრი შექმნის ახალი დანიშნულების ადგილს ქალაქისთვის -  სავაჭრო ცენტრი, რეკრეაციული ზონები, აუზები და მრავალი სხვა კულტურული და სპორტული ატრაქციონები ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 03.04.2019